„განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ“

ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალ სპორტის სასახლეში, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ის იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული.
„როგორც იცით, ჩვენ ვაყალიბებთ ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს და მზად ვართ, ვუპასუხოთ ახალ ამოცანებსა და გამოწვევებს. ყველაფერი, რასაც ვგეგმავთ და ვაკეთებთ ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის კეთდება. ჩვენ გვინდა ფუნდამენტალურად შევცვალოთ ჩვენი განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ განათლების სისტემა უნდა შევცვალოთ ისე, რომ ის იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აღნიშნული პროგრამა სწორედ ახალგაზრდების ხელშესაწყობად დაიწყო.
„ახალგაზრდების ხელშესაწყობად დავიწყეთ „სტარტაპების პროგრამა“, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნესიდეების დაფინანსებას. როგორც წესი, ინოვაცია და საინტერესო ბიზნესიდეები თქვენს თანატოლებს, მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ საწყისი კაპიტალი. სწორედ აქ დაგიდგებათ სახელმწიფო გვერდში და დაგიფინანსებთ საინტერესო იდეებს და წამოწყებებს. იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით.
ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში. მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს, გამოიყენეთ შანსი, რომელიც დღეს გეძლევათ, თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით, თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები