პრემიერი: პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება

ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია, გვჭირდება ახალი ენერგია, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალ სპორტის სასახლეში, “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე შეკრებილ ახალგაზრდებს მიმართა.
პრემიერ-მინისტრმა პარტიის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების გზის მათი ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოხარული ვარ, რომ ამდენ ანთებულ, შემართებულ ახალგაზრდას ვხედავ. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ ეს ახალგაზრდები ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების წევრები არიან. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველა კარგად აცნობიერებთ, რომ იმ პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენთ, რომელსაც დღეს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი. ეს არის ჩვენი პარტიისთვის, „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისთვის ძალიან საპატიო საქმე და ამავე დროს, უდიდესი პასუხისმგებლობა. პარტია „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად იკრებს ძალას და ორიენტირებულია განვითარებაზე, სიახლეზე. ჩვენ გვჭირდება ახალი იდეები, ახალი ხედვები, ინიციატივები და რაც მთავარია, გვჭირდება ახალი ენერგია, თქვენი ენერგია ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო.
თქვენი ასაკისთვის დამახასიათებელი თამამი გადაწყვეტილებები საჭირო და მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. ახალგაზრდების მონაწილეობა ქვეყნაში მიმდინარე პროცესებში, სახელმწიფოებრივი განვითარების გზის თქვენეული ხედვა და აქტიური ჩართულობა პარტიის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა იმ საქმის თანამონაწილე იქნებით, რომელიც ჩვენს სამშობლოს უდიდეს წარმატებას მოუტანს. მინდა იცოდეთ, რომ პოლიტიკაში მონაწილეობა მაშინ არის სიკეთის მომტანი, თუ ეს სამშობლოს ემსახურება, სახელმწიფო მშენებლობას და ქვეყნის კეთილდღეობას ხმარდება. მაღალი ღირებულებების ერთგული და ჭეშმარიტად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ წარმატებულ ქვეყანას, სწორედ ასეთებად მიმაჩნიხართ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სახით ჩვენ გვეყოლება ნამდვილად ღირსეული ცვლა, რომელსაც მშვიდად გადავაბარებთ ჩვენი ქვეყნის მართვას“, – მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები