ოდესის მერი – ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის გუნდის წევრები მემუქრებოდნენ
ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი აცხადებს, რომ 2015 წლის ოქტომბრის არჩევნებზე მას ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები ემუქრებოდნენ. ტრუხანოვის თქმით, 25 ოქტომბერს, ხმების დათვლამდე, მასთან ვინმე მურთაზი მივიდა, რომელმაც თავი წარუდგინა, როგორც სააკაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა. ტრუხანოვის თქმით, „სააკაშვილის კაცმა“ მას დეტალურად უამბო, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. „მან მითხრა, რომ არჩევნები ორ ტურად გაიმართება, მე დავაგროვებ 47,65%-ს, ხოლო ჩემი ოპონენტი – 30,4%-ს. თუ ამ შედეგებს არ დავთანხმდები, მთელი რეპრესიული მანქანა – პროკურატურა, შსს და ასე შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ამოქმედდება და ისინი მაჩვენებენ, თუ როგორ ექცევიან იმ ადამიანებს, ვინც მათ რეკომენდაციებს არ იზიარებს“, – განაცხადა ტრუხანოვმა ტელეკომპანია Newsone-ის ეთერში. ცნობისთვის, გენადი ტრუხანოვმა მერის არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა და 50%-ზე მეტი ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა საშა ბოროვიკმა 24,6% მიიღო და სასამართლოში შედეგების გასაჩივრება სცადა, მაგრამ უშედეგოდ.