ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც პატიმრობას ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება

სისხლის სამართლის ყველა ის საქმე, რომელიც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ნაფიც მსაჯულთა განსჯადი აღარ იქნება.
მთავრობის ინიციატივით, ”სისხლის სამართლის საპროცესო” კოდექსში დაგეგმილი ცვლილებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ ბრალდება წარდგენილია ”სისხლის სამართლის კოდექსის” – 108-ე და 109-ე მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 144-ე, 1441და 1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მეორე ნაწილით, 147-ე მუხლით, 149-ე მუხლით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მესამე ნაწილით, 229-ე მუხლით.
როგორც მთავრობაში განმარტავენ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს.
მაგალითად, ესპანეთში დანაშაულებს, რომელთა განხილვის უფლებაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აქვს, მიეკუთვნება მკვლელობა, მუქარა, შენობაში უკანონოდ შეჭრა ქურდობის მიზნით, განზრახ ცეცხლის წაკიდება, დოკუმენტების გაყალბება, ქრთამის აღება, გავლენის ბოროტად გამოყენება, საზოგადოებრივი ფონდების უკანონოდ მითვისება, თაღლითობა და გამოძალვა, თანამდებობის პირთათვის აკრძალულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, პატიმართა არასათანადო მოპყრობა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი მიდგომაა ავსტრიაში, ასევე ინგლისსა და უელსში.
კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში საქმეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
ცნობისთვის, ამჟამად მოქმედებს დროებითი ნორმა (2016 წლის 1-ელ ოქტომბრამდე), რომლის მიხედვით, ნაფიცი მსაჯულები მხოლოდ ისეთ საქმეებში მონაწილეობენ, რომელიც სიცოცხლის მოსპობას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები