პარლამენტში მეხანძრეებისა და მაშველებისთვის სოციალური გარანტიების დაწესების შესახებ პროექტი განიხილეს

მეხანძრეებისა და მაშველებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას ითვალისწინებს “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განმარტებით, წარმოდგენილი ცვლილებები განხორციელებული რეფორმის ლოგიკური გაგრძელებაა.
კანონპროექტის ნოვაციას წარმოადგენს სააგენტოს მოსამსახურეთა ფუნქციის მიხედვით მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა პირად შემადგენლობად და სამოქალაქო შემადგენლობად დაყოფა. შემადგენლობების მიმართ განისაზღვრა განსხვავებული სამართლებრივი სტატუსი, ფუნქცია-მოვალეობები და მარეგულირებელი ნორმები. რეგულაცია ასევე ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა დისციპლინური გადაცდომებისა და წახალისების მომწესრიგებელ ნორმებს. წახალისების ფორმებს ემატება მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა.
კანონპროექტის თანახმად, წესდება სოციალური გარანტიები. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველისა და მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, ერთჯერადად 100 000 ლარის ოდენობის კომპენსაციისა და დაკრძალვის ხარჯის 500 ლარის გარანტირებულად გადაცემა.
“აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველთა და მაშველთა საქმიანობა თავისი არსით წარმოადგენს მომეტებული რისკის შემცველ პროფესიას. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი საქმიანობისთვის საჭირო უსაფრთხო პირობები, ასევე ისეთი სოციალური დაცვის გარანტიები, რომელიც ადეკვატურად პასუხობს მათ მიერ გაწეულ სამსახურს. სახელმწიფოს მიერ საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფისთვის, აუცილებელია სახანძრო და სამაშველო ღონისძიებების უშუალო მონაწილე პირებისათვის შეთავაზებული იყოს ისეთი გარანტიები, რაც მათი მოტივაციის ამაღლებასა და დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, სოციალური გარანტიები გავრცელდება მხოლოდ 2017 წლის 1 იანვრის შემდეგ. საპარლამენტო კომიტეტს კი მიაჩნია, რომ სოციალური დაცვა იმ პირებზეც უნდა განხორციელდეს, რომლებიც 2017 წლამდე დაიღუპნენ სამაშველო, სახანძრო, ან საავარიო-სამაშველო სიტუაციების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები