ცესკო: პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის, ან არდანიშვნის შესახებ
ამ დროისთვის, ცესკო-ში დარეგისტრირებულია ორი სარეფერენდუმო კითხვა, რომელთაგან, ერთი შეკითხვა უკავშირდება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებას, ხოლო მეორე – თუ რა ითვლება და რა შეიძლება იყოს სამოქალაქო ქორწინება და რომ ეს შეიძლება იყოს თუ არა ქალისა და მამაკაცის ერთობა.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ სარეფერენდუმო კითხვებთან და პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებები ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას რეფერენდუმის დანიშვნის, ან არდანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი იღებს.
„ორივე სარეფერენდუმო კითხვა დარეგისტრირებულია შესაბამისი წესით. პროცედურა ითვალისწინებს, რომ სამი თვის განმავლობაში საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სარეფერენდუმო საკითხი შემოგვთავაზეს, უნდა მოიტანოს 200 000 მხარდამჭერი ხელმოწერა. ჩვენ შემდეგ ერთი თვე გვაქვს, რომ გადავამოწმოთ ხელმოწერები. ეს ყველაფერი ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის, ან არდანიშვნის შესახებ“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
კითხვაზე, მოესწრება თუ არა აღნიშნული სარეფერენდუმო კითხვები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პერიოდისთვის, ჟვანიამ განაცხადა, რომ ტექნიკურად ეს შესაძლებელია, თუმცა ვადები დამოკიდებულია სხვადასხვა რიგ ფაქტორებზე.