ალექსანდრე ჯეჯელავა: აქტიურად ვმუშაობთ სასწავლო დაწესებულებებთან, რათა არ მოხდეს მათი პოლიტიზება
განათლებისა და მეცნიერებების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ძალების მიმართ პრემიერ-მინისტრის გუშინდელ ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ინიციატივა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო დაწესებულებების პოლიტიზების მცდელობას ადგილი ჰქონდეს.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკოლებთან, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან, რომ არ მოხდეს მათი პოლიტიზიბა, მცდელობები არის. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პირობებია და ბევრი მხრიდან იქნება სურვილი, ჩვენი სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პროცესში ჩაერთონ. ჩვენ ყველანაირად მოვუწოდებთ და ვცდილობთ, რომ ასე არ მოხდეს. გვგონია, რომ ქართველებმა უნდა მოვახერხოთ, არჩევნები მიმდინარეობდეს მშვიდად, საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით და არა დისკრედიტაციის ფონზე, მით უმეტეს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რა თქმა უნდა, დაუშვებელია“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიტიზების მცდელობებთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ ბოლო დროს ერთ სკოლაში ვიდეომასალის ჩვენების და მეორე სკოლაში პოლიტიკური მოღვაწის ჩართვის შემთხვევა იყო.
მინისტრის განცხადებით, ეს წინასაარჩევნო პროცესში აბსოლუტურად დაუშვებელი ხერხებია.
”ჩვენ გვინდა, ყველას ვთხოვოთ სკოლას და ბავშვებს, ნუ ჩართავენ ამ პროცესში”, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.