“სამართლიანი არჩევნები” საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს ოფიციალურად იწყებს.
“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო გარემოს შეფასება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ამ დროისთვის, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების ცვლილებები და ბარიერის ზრდა, არ არის საკმარისი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
მისივე თქმით, ბოლომდე არ არის მიყვანილი საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი სხვა ცვლილებების პროექტები.
“წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება”, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.
პრესკონფერენციაზე აქცენტი გაკეთდა მედიაგარემოს კუთხით არსებულ პრობლემებზე, რაც ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავებს და რამდენიმე ტოქშოუს დახურვას გულისხმობს.
“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდს 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დააკვირდება და საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდული შუალედური ანგარიშების და განცხადებების მეშვეობით მიაწვდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები