ბიძინა ივანიშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვანო მერაბიშვილის პატიმრობა ეჭვს არ იწვევს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერაბიშვილი მისთვის პოლიტიკური პატიმარი არ არის.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის მონაყოლი, თითქოს, ის ვიღაცამ საკნიდან გაიყვანა, ღიმილის მომგვრელია, თუმცა ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ რადგან ამ თემაზე კითხვები არსებობს, გამოიძიებაც უნდა ჩატარდეს.
„იმ დროს მე ამისთვის შესაბამისი ყურადღება არ მიმიქცევია. მახსოვს ის გამონათქვამები, თითქოს, ღამე ვიღაცამ თავზე რაღაც ჩამოაცვა და გაიყვანეს. დღესაც მგონია, რომ ეს აბსურდია. რატომ არ აწარმოეს გამოძიება მაშინ, ეს იწვევს კითხვებს. თუკი სტრასბურგში ასეთი კითხვა დადგა, ალბათ ახლა მაინც გამოიძიებენ. მე ჩემი მხრიდან გამოძიებას დაველოდები, მაგრამ წარმოუდგენლად მიმაჩნია ის, რაც მერაბიშვილმა თქვა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ არის, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. ეჭვს არ იწვევს მისი პატიმრობაც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და ჟურნალისტებს მოუწოდა, ნუ დაამხინჯებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ყურადღება მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გაამახვილა. მისივე შეფასებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სისუსტე არ იკვეთება.
რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მასთან ხშირი შეხვედრა არ აქვს.
“ფარცხალაძეს ხშირად ნამდვილად ვერ ვხვდები. როგორც ვიცი, ჩემი ბერა გახლავთ მაგის შვილიშვილის ნათლია”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებლად მიაჩნია თუ არა, რომ პრეზიდენტმა ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამაზე საკუთარი პოზიცია არა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები