ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის ოპერატორის მიმართ მომხდარ ინციდენტზე: ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი რაიმე ტიპის ქმედება

დეპუტატი ეკა ბესელია „რუსთავი 2”-ის ოპერატორის მიმართ მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს იყო ადგილზე წარმოქმნილი ინციდენტი.
„ეს არ იყო წინასწარ დაგეგმილი რაიმე ტიპის ქმედება, ან ჟურნალისტის მიმართ, ან ოპერატორის, ან დეპუტატის მიმართ. ეს იყო ადგილზე წარმოქმნილი ინციდენტი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. მთავარია, რომ ეს ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა“, -აცხადებს ეკა ბესელია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინციდენტი გუშინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
”კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა. სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები