სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პატიმრები სამედიცინო დახმარებას ითხოვენ

პატიმრებს – მინდია წიწაშვილს, უშანგი კვინიკაძესა და ქართლოს გველესიანს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა არ უტარდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ნანა ფილაური ავრცელებს.
“მინდია წიწაშვილს აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები. მისი გადმოცემით, ასევე არიან პატიმრები, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ. მას თავისუფლებაში ყოფნის დროს ორჯერ აქვს გადატანილი მიკროინფაქტი, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ერთხელ კვლავ განუმეორდა. მას ასევე აღენიშნება ჰიპერტონია, ფსიქიკური პრობლემები – შესაბამისი ექსპერტიზაც გვაქვს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომ ექიმი შეგვეყვანა და საკუთარი სახსრებით მაინც მომხდარიყო მისი გამოკვლევა, თუმცა ამ უფლებით ჩვენ დღემდე შეზღუდულები ვართ. მინდია წიწაშვილს ასევე აქვს ვენერიული დაავადება. სულ მინიმუმ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ უგულებელვყოთ, იგი საშიშროების კერას წარმოადგენს ჯანმრთელი პატიმრებისთვის.
უშანგი კვინიკაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ის უკვე სამი წელია, რაც სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია. მისი წონა 45 კგ-ია. მას გადატანილი აქვს ტუბერკულოზი და აღენიშნება ფსიქიკური პრობლემები.
ქართლოს გველესიანსაც, რომელიც 2015 წლის 7 აგვისტოდან შიმშილობს, გადატანილი აქვს ტუბერკულოზი და მისი წონა 37 კგ-ია. ამ პატიმრების აღნიშნულ პირობებში ყოფნით საშიშროებაა იმისა, რომ სხვა პატიმრებს შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემა. მოგეხსენებათ, ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა და მას სისტემატური კონტროლი სჭირდება”,- აცხადებს ადვოკატი.
ნანა ფილაურის ინფორმაციით, სამივე პატიმარს პრეტენზიები აქვს სამართალწარმოების პროცესთან, რადგან ისინი თავს უდანაშაულოდ ცნობენ.
ადვოკატი ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ზოგადად, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კონკრეტული ფაქტები არსებობს და ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება განკუთვნილია ბრალდებულთათვის და ამ პატიმრების აღნიშნულ დაწესებულებაში ყოფნა უკანონობაა.
ადვოკატი მოითხოვს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ, ზემოთ ხსენებული პირები შესაბამის დაწესებულებებში გადაიყვანოს და მათ საჭირო გამოკვლევები ჩაუტაროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები