ლადო ჭანტურია: კრიმინალის პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადების მიზეზი

გერმანიაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას ინფორმაციით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას და იგი იმედოვნებს, რომ გერმანიაში პრემიერ-მინისტრის დღეს დაგეგმილი შეხვედრების დროს ეს მხარდაჭერა უფრო მკაფიოდ წარმოჩინდება.
მისი თქმით, კრიმინალის პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს არ არის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადების მიზეზი.
„საქართველოს და გერმანიის ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს გერმანიის აბსოლუტური მხარდაჭერა, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის საკითხში და იმედი მაქვს, რომ შეხვედრების დროს ეს კიდევ უფრო აშკარად და ხელმისაწვდომად გაჟღერდება ჩვენი მოსახლეობისთვის.
ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადება არ უკავშირდება მხოლოდ საქართველოს, არსებობს შიდაპოლიტიკური საკითხები გერმანიაში, ზოგ სხვა წევრ სახელმწიფოში და ამ საკითხების გადაწყვეტასთან არის დაკავშირებული. საქართველომ ვიზალიბერალიზაციის საკითხში ყველა საშინაო დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა.
ეს აღიარებულია შენგენის წევრი ყველა სახელმწიფოს, მათ შორის, გერმანიის მიერ. ასე რომ, ამ საკითხის გადადება საქართველოს ბრალით არ ხდება. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს პრობლემა არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი. კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი“, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.
ელჩის თქმით, საპოლიციო თანამშრომლობა გერმანიასა და საქართველოს შორის საკმაოდ ნაყოფიერია და უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს საელჩოში გერმანიაში პოლიციის ატაშე არის დანიშნული.
„საპოლიციო თანამშრომლობა გერმანიასთან საკმაოდ მაღალ დონეზე მიმდინარეობს, თუმცა, ეს პრობლემა ჩვენდა სამარცხვინოდ არსებობს, მაგრამ არ არის ამ საკითხის გადადების მიზეზი“, – განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები