პანიკა აჭარაში – შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმა მკვდარი დელფინები გამორიყა

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე წყალმა 50-მდე მკვდარი დელფინი გამორიყა, რაც 2011 წლის შემდეგ, საქართველოში დელფინების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსხური მორბილვირუსის საფრთხეს აანონსებს. სამსახურის უფროსი არჩილ გუჩმანიძე მორბილვირუსზე საუბრისას 2007 წელს ისრაელში ჩატარებულ ლაბორატორიულ კვლევას ეყრდნობა და 2007 წლისა და 2016 წლის შემთხვევების კლინიკური სიმპტომების იდენტურობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ დაღუპულ დელფინებს მარტის პირველი რიცხვებიდან სექტემბრის ბოლომდე აღვრიცხავთ. მერე ფაქტობრივად წყდება დელფინების გამორიყვა. ეს ემთხვევა ვეგეტაციის პერიოდს შავ ზღვაში. ვვარაუდობთ, რომ გამორიყვები განპირობებულია ვირუსული ინფექციით, რომელსაც ამყარებს გარემოება 2007 წელს, ისრაელის ლაბოპრატორიაში გადავაგზავნეთ სპეციალური მასალა, სადაც დამუშავდა სინჯები და საქარტთველოს წყლებში მორბილვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა.
არა მარტო ქსოვილები გადავაგზავნეთ, ასევე აღვწერეთ ამ ინფექციის მთელი კლინიკა, როგორ ხდება გამორიყვა, როგორ ქცევებს ავლენს და რასაც დღეს ვნახულობთ, ანალოგიური სურათია. ამაზე მარტო ჩვენ არ ვმუშაობთ. ამაზე სხვა ქვეყნებიც მუშაობენ. ჩვენ გვაქვს მათთან კონტაქტი და ისინიც იგივე განცხადებებს აკეთებენ და ზუსტად იგივე ინფორმაცია მოგვდის მათგანაც. დიდი ალბათობით დავდებთ მორბილვირუსს“,- განაცხადა გუჩმანიძემ, რომელიც ვარაუდობს, რომ მორბილვირუსის მეორე ნაკადი სწორედ 2016 წელს იქნება და 2011 წლის დელფინების სიკვდილიანობას გადააჭარბებს.
მისი თქმით, მორბილვირუსის დროს სახეზეა დელფინების მასობრივი ხოცვა, თუმცა გუჩმანიძე აღიარებს, რომ მასობრივ ხოცვას ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, თუმცა არის მოლოდინი, რომ შემდეგ თვეებში მსგავსი ფაქტი აუცილებლად იქნება.
„ეს იყო 2011 წელი, 170-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. სოხუმში იყო ერთდროულად 11 დელფინის გამორიყვის ფაქტი, ანაკლიაში – 6-ის. ვვარაუდობდით, რომ ჩაცხრებოდა, მართლაც, იყო ჩაცხრომა და წელს ისევ დაიწყო. 50 შემთხვევამდე დაფიქსირდა. წინ გვაქვს ივლისი, როდესაც ყველაზე დიდია გამორიყვების რაოდენობა“,- განაცხადა გუჩმანიძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ეროვნული სააგენტოს პოზიციას არ იზიარებს დელფინარიუმის მენეჯერი ტარიელ წეროძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი. მათი პოზიციით, პანიკა გადაჭარბებულია და უსაფუძვლო ვარაუდები, მყარი არგუმენტების გარეშე, შესაძლებელია, დელფინების სიკვდილის მთავარი მიზეზების გადაფარვას ემსახურებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები