ვალერი გელაშვილი: არ გამოვრიცხავ, ჩემი ცემის ფაქტზე მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს

ვალერი გელაშვილი მასზედ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვს – ამის შესახებ „კვირას“ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა თავად განუცხადა. როგორც გელაშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით გამოძიება თითქმის დასრულებულია. თუმცა, მისთვის უცნობია პროკურატურა ბრალდებას ვის წაუყენებს.
დეპუტატი “კვირასთან” 9 წლის წინ მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ იხსენებს.
„ეს იყო 2005 წლის 15 ივლისს. მაშინდელი სოდ-ის უფროსი ერეკლე კოდუა 200 მეტრში, მანქანაში იჯდა და სიტუაციას აკონტროლებდა. მე კი სპეცრაზმელები მირტყავდნენ. ჩემი ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა პირადად გასცა, ვანო მერაბიშვილმა კი დავალება თავის თავზე აიღო და ის ერეკლე კოდუას შეასრულებინა. როგორც ვიცი, გამოძიება მალე დასრულდება. ველოდები, ჩემი ცემის ფაქტზე როდის წაუყენებენ დამატებით ბრალდებას ვანო მერაბიშვილს… ალბათ მერაბიშვილს თუ წაუყენებენ ბრალდებას, თორემ მიხეილ სააკაშვილი და ერეკლე კოდუა გაქცეულები არიან. პროკურატურაში შაბათს ვიყავი და მითხრეს, საგამოძიებო მოქმედებები კიდევ გრძელდებაო. ჩემთვის ცნობილია, რომ საქმე თითქმის გახსნილია. მესმის, რომ პროკურატურას თავისი პროცედურები აქვს ჩასატარებელი და ველოდები,“ – აღნიშნა ვალერი გელაშვილმა.
„კვირა“ პროკურატურის პრესსამსახურსაც დაუკავშირდა. პრესსამსახურის ხელმძღვანელის თემო დოლიძის ინფორმაციით, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ძიება არ დასრულებულა და ის კვლავ გრძელდება.   ვალკერი გელაშვილი ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ის ძალადობის მომხრე არ არის და ფიზიკურ შეურაცხყოფას გმობს.
„არც ერთ შემთხვევაში, ძალადობის მომხრე არ ვარ. ღამის სამ საათზე რომ ასეთი რამ ხდება, ცოტა საეჭვოა… შეიძლება ნუგზარ წიკლაური სადმე ქეიფობდა და მერე რაღაც მოხდა… სამი მანქანა და 8 კაცი რომ თავს დაგესხმევა, ცოტა საეჭვო სიტუაციაა,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები