პრეზიდენტი ქართველი სამხედროების პოლონეთში წაუსვლელობის საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამს

საქართველოს პრეზიდენტი ქართული სამხედრო შენაერთის საერთაშორისო სწავლებაზე წაუსვლელობის მიზეზების შესახებ ახსნა-განმარტებებს უახლოესი უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოითხოვს, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთში დაგეგმილი წვრთნები იყო უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით.
„ჩვენ გვსურს, თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილოება უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს. სწავლება “ანაკონდა 2016“-ში, ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვერთნები, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. წვრთნები ჩატარდა ვარშავაში – იქ, სადაც უნდა გაიმრთოს ნატოს სამიტი. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ქართული ასეულის ამ წვრთნებში მონაწილეობა”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე. ამ საკითხს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც გამოეხმაურა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების 2 ჯარისკაცს ჩუტყვავილის ვირუსი ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ და ამიტომ პოლონეთში დაგეგმილ სწავლებაზე ჩვენი ასეული მონაწილეობას არ მიიღებს. მისი განცხადებით, საფრთხე რომ არ შექმნოდა საქართველოს პარტნიორებს და „ანაკონდას” სწავლებას, თავდაცვის სამინისტროს ასეული წვრთნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს 2016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაში – „ANAKONDA-16“ ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად უნდა მიეღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები