პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დიანა ჟღენტმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
თავის გამოსვლაში ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და მისწრაფებებზე. ასევე, აქცენტი გაკეთდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ პროექტებზე, მათ შორის სატრანზიტო დერეფნებზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, პოლონეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები და სხვა სტუმრები.
„როგორც აზერბაიჯანის ელჩი, ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მსურს მივულოცო მოძმე ქართველ ხალხს და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ეს ღირსშესანიშნავი დღე. საქართველო და აზერბაიჯანი მოძმე ერები და მუდმივი პარტნიორები არიან. ჩვენმა პარტნიორობამ რეგიონი არნახულად შეცვალა. ამ მნიშვნელოვან დღეს, მინდა გისურვოთ კეთილდღეობა და სიმტკიცე. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”, – განაცხადა აზერბაიჯანის ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ნარგიზ გურბანოვამ.
საქართველოსთან მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა უნგრეთის ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ისტვან იგიარტომ.
„უნგრეთსა და საქართველოს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს და მინდა თქვენ ხალხს ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს”, – განაცხადა ისტვან იგიარტომ.
ორი ქვეყნის ურთიერთობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სერბეთის ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ნებოიშა კოშუტიჩმა.
„როგორც სერბეთის ელჩი პოლონეთში, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრად ვთვლი, იმიტომ რომ ყველა სერბი ქართველის მეგობარია. განსაკუთრებული პატივია ჩემთვის ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. გულითადად ველი ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას, როგორც სახელმწიფო, ასევე ხალხის დონეზე. მე ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს იძენს, იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა დამატებით კონტრიბუციას შესძენს ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ სულ მალე, თბილისში უფრო მაღალ მუდმივ დონეზე ვიქნებით წარმოდგენილი და ველი ჩვენი ქვეყნების ნათელ ევროპულ მომავალს”, – აღნიშნა ნებოიშა კოშუტიჩმა
ქართველ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა იტალიის ელჩმაც.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ საქართველოს ეროვნული დღე. საქართველოს ელჩი, ჩემი მეგობარი შესანიშნავი დიპლომატია, რომელიც თავის მოვალეობას საუკეთესოდ ასრულებს”, – განაცხადა იტალიის ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ლუკა ფრანკეტი პარდომ.
უზბეკეთისა და საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა უზბეკეთის ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში ამირსაიდ აგზამხოჯაევმა.
„საქართველოს მინდა ვუსურვო კეთილდღეობა. როგორც იცით, უზბეკეთსა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს, რაც შესანიშნავი ფუნდამენტია დღეს არსებული თანამშრომლობის მომავალში გაღრმავებისთვის, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ”, – აღნიშნა ელჩმა.