თინათინ რუხაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ადილ კარიმლის შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ადილ კარიმლის შეხვდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თეატრის, კინოს, ბალეტის, ფოლკლორის, არქეოლოგიის მიმართულებებს. ასევე, განიხილეს ერთობლივი რეგიონული საკონცერტო პროექტები, ფესტივალები და შემოქმედებითი სახელოვნებო სფეროს ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამები.
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრებმა თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე მურად ჰუსეინოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარიძე, საელჩოს უფროსი მრჩეველი დავით ჩიკვაიძე, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ფარუხ ჯუმაევი, მედიისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი აინურ ქარიმოვა.