სტამბოლში 7 ივნისს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთმა „ბოევიკებმა“ აიღეს
ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის გათავისუფლების ქორები“ სტამბოლში 7 ივნისს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
როგორც დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თავდასხმა თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული ოპერაციების საპასუხოდ მოხდა. ასევე ამ დაჯგუფებამ მოუწოდა ტურისტებს, უსაფრთხოების მიზნით თურქეთში არ ჩავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ აფეთქება 7 ივნისს სტამბოლში, ბაიაზითის რაიონში, ავტობუსის გაჩერებაზე მოხდა. დაიღუპა 7 პოლიციელი და 4 სამოქალაქო პირი, დაიჭრა 30–ზე მეტი ადამიანი. ერთ–ერთი გარდაცვლილი აზერბაიჯანის მოქალაქეა.