გიორგი კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იზღუდება

„საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით შედის ძალაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს წინასაარჩევნო პროცესის თემაზე კომენტირებისას, ბათუმში განუცხადა.
მისივე განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იზღუდება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ამ კუთხით პრეზიდენტთან და პარლამენტთან გამართულმა კონსულტაციებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
”არჩევნების თაობაზე კონტრასიგნაცია გაკეთდა მთავრობის სხდომის განკარგულების მიხედვით და 8 ივნისიდან, ოფიციალურად, საქართველოში დაიწყო წინასაარჩევნო პერიოდის ათვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგულაციები კანონმდებლობის მიხედვით შედის ძალაში და რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სტანდარტი წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. შესაბამისად, იზღუდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ეს არის დემოკრატიის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი და, ვფიქრობთ, კონსულტაციებმა, რომელიც გაიმართა პრეზიდენტთან და პარლამენტთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ბათუმში „გარემო ევროპისათვის“ მინისტერიალს ესწრება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულებები, როგორც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები