სიმონ ჯანაშია: თამარ სანიკიძისგან განსხვავებით, ალექსანდრე ჯეჯელავა თანამედროვე კონცეფციებს იცნობს

განათლების მინისტრის თანამდებობიდან თამარ სანიკიძის მოულოდნელი გათავისუფლებისა და მის ნაცვლად ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნის თაობაზე გავრცელებულ კულუარულ ვერსიებთან დაკავშირებით, ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ექსპერტის განცხადებით, მინისტრის მოხსნის ერთი მიზეზი ის იყო, რომ თამარ სანიკიძეს სერიოზულ ფიგურად, ან დამოუკიდებელი ხედვის მქონედ აღარავინ აღიქვამდა, ცვლილების მეორე მიზეზი კი, სავარაუდოდ, მისი არაპოპულარული ქმედებებია და წინასაარჩევნო პერიოდში განათლების მინისტრად მისი დატოვება ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იყო.
„არიან ჯგუფები, რომლებსაც არ მოსწონდათ სამოქალაქო, ან უმაღლეს განათლებაში მისი პოლიტიკა. ამის გარდა, სხვადასხვა საგამომცემლო ჯგუფი გაღიზიანდა იმის გამო, რომ თამარ სანიკიძის გადაწყვეტილებით სახელმძღვანელოების გამოცემას ჩამოაშორეს. მათ ემატებათ სკოლის მოხსნილი დირექტორები, რომლებიც მეტწილად სრულად დასუაბუთებლად გაათავისუფლეს. დირექტორების გარდა, ბევრია სამსახურიდან დაუმსახურებლად დათხოვნილი. ცხადია, სანიკიძე დამოუკიდებლად არ იღებდა ასეთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ახლა ეს არავის აინტერესებს. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წამოწყება იყო ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსება, სადაც მთავარი მოთამაშეები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილი, გია დვალი და ბიძინა ივანიშვილი, განათლების მინისტრი კი არსად ჩანდა. ის თითქოს მის საკურაციო სფეროდან გაიყვანეს“, – აცხადებს სიმონ ჯანაშია.
თამარ სანიკიძის ადგილმონაცვლე მინისტრთან დაკავშირებით, ექსპერტი აცხადებს, რომ ალექსანდე ჯეჯელავასა და მის წინამორბედს შორის დიდი განსხვავებაა.
„ახალი მინისტრი ადრე ცდილობდა, აქტიური ყოფილიყო, კონფერენციებზე გამოსულიყო, ვიდეოლექციები ჩაეწერა. მას თანამედროვე ხედვა აქვს, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემის მართვა. ეს ყველაფერი კარგია, თუმცა, დანარჩენი მომავლის საქმეა. მისთვის, ალბათ, ყველაზე ძნელი იქნება, თავისი იდეების გარშემო ხალხი გააერთიანოს. ალექსანდრე ჯეჯელავას მთავარი გამოწვევაც ექნება, კერძოდ, ის, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებზე მთავრობა დაიყოლიოს“, -ამბობს ექსპერტი.
ექსპერტის აზრით, ზოგიერთი ჯგუფისთვის ჯეჯელავას განათლების მინისტრად დანიშვნა პოზიტიური მოვლენაა და ეს ეხება იმათ, ვისაც სურს, რომ განათლების სისტემა უფრო თანამედროვე გახდეს.
„წინა მინისტრი ვერაფერს აკეთებდა, იყო მუდმივად შეშინებული, გაუბედავი, საზოგადოებას ახალს ვერაფერს სთავაზობდა. ალექსანდრე ჯეჯელავა კი, მისგან განსხვავებით, თანამედროვე კონცეფციებს იცნობს“, – ამბობს სიმონ ჯანაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები