გელა სამხარაული – კოოპერატივების განვითარება ხელს უწყობს მეურნეობის აღორძინებას

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ „კვირას“ პრესკლუბში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები წარადგინეს.
მათი განცხადებით, ახალი სისტემის შემთხვევაში გლეხს მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რომ იყოს დაცული და მის მომავალზეც იზრუნოს.
„კოოპერატივების შესახებ კანონი“ 2013 წლის ზაფხულში მივიღეთ. თუ გადავხედავთ, ზოგადად, კოოპერატივების ისტორიას, ეს მცირე დროა, რადგან 160 წელზე მეტია, რაც მსოფლიოში კოოპერაციული სისტემა არსებობს. ამის ფონზე ორი წელი ნამდვილად არაა საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩვენი პოტენციალი სრულად ყოფილიყო წარმოჩენილი.
მიუხედავად ამისა, მთავრობის ძალისხმევით და კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ძალისხმევით, ჩვენ შევძელით და ქვეყანაში უკვე დარეგისტრირდა 1500-მდე კოოპერატივი. წარმატებული მაგალითები გვაქვს იმისა, რომ ისინი შესაძლოა, რეგიონში მისაბაძები გახდნენ. საბოლოო ჯამში კი, ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობის აღორძინებას და პროდუქციის შექმნას, ასევე დამატებითი ღირებულებების გაჩენას ქვეყანაში, იმპორტის ჩანაცვლებას და საექსპორეტო პოტენციალის გაზრდას. ეს არის მიმართულება, რომელსაც, ვფიქრობ, ალტერნატივა არ გააჩნია. უნდა შევძლოთ ერთად შრომა, ჩვენი ცოდნის, ქონებისა და ფინანსური რესურსის კონსოლიდირება და ჰარმონიულად განვახორცილოთ ჩვენი მიზნები. კოოპერაციულმა მოძრაობამ შესაძლოა, უამრავი სიკეთე მოიტანოს“, – განაცხადა სამხარაულმა.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ კოოპერატივების ინსტიტუციის დანერგვის შემთხვევაში, გლეხს მეტი შესაძლებლობა ეძლევა, რომ თავი დაცულად იგრძნოს როგორც შიდა ბაზარზე, ასევე მსოფლიო ბაზარზეც, სადაც კონკურენცია ასეთი მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები