ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემთვის ნათელია, რომ სტუდენტების ყველა ჯგუფს უნივერსიტეტისთვის სიკეთე უნდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ  უნივერსიტეტი კრიზისიდან ერთიანი და გაძლიერებული გამოვა. როგორც ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ საჭირო გახდება ის სტუდენტებს შეხვდება.
ჯეჯელავას განმარტებით, მინისტრის რანგში პირველ სამუშაო დღეს უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე უკვე ჰქონდა მსჯელობა, თუმცა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.
„ვფიქრობ, პირველი, რაც ჩვენ უნდა გავიაზროთ არის ის, რომ არსებობს ინტერესები და პოზიციები. შეიძლება ამ ჯგუფების პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, მაგრამ მათი ინტერესები არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომელ პოზიციას მიეკუთვნებიან ისინი დღეს, ყველა სტუდენტის ინტერესია, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, უკეთ მისცემს სტუდენტებს საშუალებას მმართველობის პროცესში ჩართვის. დარწმუნებული ვარ, რომ რადგან საერთო ინტერესები სახეზეა, რადგან არავინ არ ისახავს მიზნად რაღაც დესტრუქციულს, ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით. მეც აუცილებლად მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას, თუმცა მომხრე ვარ იმისა, რომ ასეთი დისკუსიები და აზრთა სხვადასხვაობები პრობლემად კი არა, ჯანსაღ პროცესად მოვნათლოთ, რომელიც უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი ამ კრიზისიდან უფრო გაძლიერებული, უფრო ერთიანი და უფრო მწყობრი ორგანიზაცია გამოვა, რომელიც აუცილებლად გვჭირდება. ჩემთვის ნათელია, რომ სტუდენტების ყველა ჯგუფს უნივერსიტეტისთვის სიკეთე უნდა“,  – განაცხადა განათლების მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები