ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ

განათლების მინისტრის პოსტზე გუშინ დანიშნული ალექსანდრე ჯეჯელავა ყოფილ კოლეგასთან ერთად აპირებს, ჩაატაროს სანიმუშო გადაბარება.
„ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ“, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბარში საერთაშორისო სემინარის დასრულების შემდეგ.
ჯეჯელავას განცხადებით, საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ტრაგედიასთან არის დაკავშირებული და ის აპირებს, რომ ეს მითი დაამსხვრიოს.
„ჩვენი საზოგადოების თვალში მინისტრის ცვლილება ყოველთვის კავშირშია რაღაც ლამის ანტაგონიზმთან. ჩვენმა წინამორბედებმა ადრე შექმნეს ასეთი მითი, რომ როცა მინისტრი იცვლება, ეს არის ტრაგედია და ხანდახან მედიაც ასე აშუქებს. ჩვენ ეს მითი უნდა დავამსხვრიოთ. ეს აბსოლუტურად ჰარმონიული პროცესია. გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენი ამოცანაა, ყველას დავანახოთ, რომ ეს გადაბარება იქნება ძალიან კონსტრუქციული. ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აშენდა აქამდე და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძირითადი აქცენტები იქნება სასკოლო განვითარების მიმართულება და ასევე უმაღლესი განათლება.
მანვე აღნიშნა, რომ უწყებაში საკადრო ცვლილებებს არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერიოდში არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები