“აი ეს მცირედი შენიშვნები და სურვილები მინდოდა გამომეთქვა 26 მაისის სამხედრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით”
სანამ ძირითად თემაზე, კერძოდ 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებებს, ასეთ გადაწყვეტილებას მოგაწვდით. გადავწყვიტე, საპარლამენტო არჩევნებამდე, შეირაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესებთან და რეფორმებთან დაკავშირებით კრიტიკული პუბლიკაციები არ გამოვაქვეყნო. ვფიქრობ ისედაც საკმარისად გამოვთქვი საკუთარი აზრი თითქმის ყველა საკითხთან დაკავშირებით. ბევრს ჰგონია, რომ სამხედრო საკითხებზე წერა ახლა დავიწყე. ზუსტად 10 წელია ვწერ და ვისაც გამორჩა ან აღარ ახსოვს, როგორც წინა ბლოგში დაგპირდით, ვამზადებ ძველი სტატიების ნაკრებს, ამონარიდებს. ასევე გამოვაქვეყნებ ჩემს წერილობით მიმართვებს ექსპრეზიდენტის და თავდაცვის სამინისტროს სახელზე აგვისტოს ომის წინა პერიოდში. ეს მასალები დაარწმუნებს მათ, ვისაც ჰგონიათ, რომ მხოლოდ დღეს მაქვს გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებები, საწინააღმდეგოში. ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზითაა გამოწვეული: 1. ჩემი სამომავლო გეგმები არ უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს, თუ სახელმწიფო საჭიროება არ დადგება. 2. მინდა წმინდად საექსპერტო მოსაზრებები სამხედრო საკითხებზე განვარიდო პოლიტიკურ პროცესებს ეს არ ნიშნავს, რომ არ ვუპასუხებ ჟურნალისტთა კითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ასევე არ ნიშნავს, რომ არ გამოვთქვამ მოსაზრებებს სამხედრო საფრთხეებთან, სამხედრო თანამშრომლობასთან, სახელმწიფოს სამხედრო მოწყობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ვაზუსტებ, ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ არმიაში მიმდინარე პროცესებს და რეფორმებს. ახლა კი ზემოთ აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდები. მინდა აღვნიშნო, რომ 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, საკმაოდ ლამაზი ღონისძიება ჩატარდა. ალბათ, არ შეიძლება ლამაზად არ მოეჩვენოს ადამიანს ჩვენი არმიის ქვედანაყოფების მწყობრი, ფიცის დადება, სამხედრო ორკესტრი, ტანკები, საბრძოლო მანქანები, შვეულმფრენები ცაში (შემდეგ აღლუმზე ვისურვებდი გაათმაგებას), ჩვენი მეგობარი ქვეყნების არმიების ქვედანაყოფები, დროშები და ა.შ. მოკლედ, მიუხედავად დადებითი ემოციებისა, მაინც მსურს რომ გარკვეული სურვილები და რჩევები გამოვთქვა, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორთა სამხედრო ფრთას, ანუ გენერალურ შტაბს ეხება, რათა შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ შემდგომი ღონისძიებების ორგანიზებისას. ზოგადად, სამხედრო აღლუმი ან მსგავსი სამხედრო ღონისძიება, გარდა სამწყობრო წესდებების და პროტოკოლური წესებისა, სხვა მოთხოვნებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, გენერალური შტაბის და პირადად გენერალური შტაბის უფროსის სტატუსი სწორად უნდა იყოს წარმოდგენილი. მნიშვნელობა არ აქვს აღლუმს ვატარებთ, თუ ისეთ ღონისძიებას, როგორიც 26 მაისს ჩატარდა, გენერალური შტაბის უფროსის ადგილი ტრიბუნაზე იყო. პირადად მე სამხედრო აღლუმის ჩატარების მომხრეთა რიცხვს მივეკუთვნები. თვითონ აღლუმი არ შეიძლება აგრესიულ ღონისძიებად ჩაითვალოს. გამომწვევი არის ხოლმე თვით განცხადებები, რომლებიც აღლუმის დროს ან მისი ჩატარების შემდეგ კეთდება სამხედრო ან პოლიტიკური პირების მხრიდან. ამ წლებშიც ვწერდი, როცა აღლუმი არ ჩავატარეთ, რათა მეზობლის გაღიზიანება არ გამოგვეწვია. მაშინ საკმაოდ მოზომილ და მშვიდობიან განცხადებებს აკეთებდნენ პოლიტიკოსები, ხოლო სამხედროების მხრიდან იყო პირდაპირი მინიშნებები, როგორც წელს, ასევე წინა წლებშიც. რატომ გვგონია, რომ მხოლოდ ქართული მედია აკეთებს ჩვენი განცხადებების მონიტორინგს? გენშტაბის მაღალჩინოსნები შედიან იმ ჩამონათვალში, რომელთა გამონათქვამებს გულდასმით აანალიზებენ ქვეყნის გარეთაც. ენდონ ჩემი ბოლო 7 წლის გამოცდილებას. თუმცა, თვითონაც უნდა იცოდნენ. ამიტომ, თუ ჩვენს მესიჯებში სამხედრო რიტორიკა იქნება, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს აღლუმს ჩავატარებთ თუ თეთრ მტრედებს გავუშვებთ. 26 მაისს, თავისუფლების მოედანზე, ჩვენ ფაქტობრივად აღლუმი ჩავატარეთ: პირადი შემადგენლობა წარმოდგენილი იყო, ასევე წარმოვადგინეთ სამხედრო ტექნიკა და ავიაცია. აბა მწყობრი წრეზე გაივლის თუ სწორხაზოვნად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუ რუსულ თოქ-შოუებს მივადევნებთ თვალყურს, ბოლო დღეებში საკმაოდ გამძაფრებულია რიტორიკა წამყვანი პოლიტიკოსების და პოლიტოლოგების მხრიდან. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ საქართველოსთან დამეგობრება შესაძლებელია მხოლოდ სამხედრო გზით. მათ გაცილებით აღიზიანებთ უცხოელი სამხედროების მარშირება და ამერიკული ტექნიკა (აბრამსი, ბრედლი) თავისუფლების მოედანზე, ვიდრე ჩვენს მიერ სამხედრო აღლუმის ჩატარება.
ამიტომ, ვფიქრობ ხანდახან აღლუმიც უნდა ჩავატაროთ, რადგან იკარგება სამხედრო აღლუმების ჩატარების სკოლა. ამას გარდა, აღლუმს სულ სხვა ემოციური დატვირთვა აქვს. სხვათაშორის, იგივე ემოციური დატვირთვის მატარებელი იყო 26 მაისის ღონისძიება, იმის მიუხედავად, რომ აღლუმი არ დავარქვით. ჩემი დადებითი ემოციების შესახებ კიდეც მივწერე ერთ-ერთ მთავარ პასუხისმგებელ პირს. დავუბრუნდეთ გენერალური შტაბის როლს მსგავს ღონისძიებებში. სამხედრო აღლუმზეც კი აღლუმის სარდლად არ ინიშნება გენერალური შტაბის უფროსი, არამედ ინიშნებიან გარნიზონის უფროსები, ან გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს შესაძლოა იყოს თბილისის გარნიზონის უფროსიც. ფიცის დადების ღონისძიებას კი მითუმეტეს არ უნდა სარდლობდეს გენერალური შტაბის უფროსი. ეს ხომ აღლუმზე უფრო დაბალი სტატუსის ღონისძიებაა. შემდეგი მომენტი. დარღვეული იყო იერარქიულ სუბორდინაცია, როცა უმცროსი სერჟანტები უშუალოდ უპატაკებდნენ გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორს. დეტალებში აღარ ავხსნი ყველაფერს. მინიმუმ, იქ უნდა მდგარიყვნენ სასწავლო სკოლების უფროსები და ისინიც უნდა მოხვედრილიყვნენ ამ რგოლში. მოკლედ, აღნიშნული ღონისძიების სარდლად უნდა დანიშნულიყო ან გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ან სახმელეთო ჯარების სარდალი, ან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, რადგან მისი ქვედანაყოფების რეკრუტები დებდნენ ფიცს (სხვა საკითხია, რომ ეს სარდლობა საერთოდ ზედმეტი რგოლია და შტატების გაბერვაა. არსებობს შესაბამისი დეპარტამენტი და კიდევ სარდლობა ერთ აკადემიას და რამდენიმე სასწავლო ობიექტს არ ესაჭიროება). როცა უშუალოდ ქვედანაყოფებს სერჟანტები ხელმძღვანელობდნენ, ეს მართლაც კარგია და სერჟანტთა ინსტიტუტის როლის აწევაა. ხოლო, როცა სერჟანტი პირდაპირ გენერალური შტაბის უფროსს ახსენებს, – არაკორექტულია. შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება რიტუალის ხანგრძლივობის შემცირების მიზნით მიიღეს. თუმცა, ერთი ან ორი შუალედური თანამდებობის პირისთვის მოხსენება სერჟანტსა და ღონისძიების სარდალს შორის მაქსიმუმ დამატებით 1 წუთს მოითხოვდა. გაგიკვირდებათ და მეტსაც მოგახსენებთ. ფიცის დადებისათვის მზადყოფნის და შემდეგ ფიცის დადების რიტუალის დასრულების შესახებ პატაკი თავდაცვის მინისტრისათვის უნდა მოეხსენებინათ. მერე რა რომ ქალია, ან სამოქალაქოა? პრეზიდენტიც სამოქალაქო პირია. ასევე არ მომწონს ბოლო წლებში დამკვიდრებული ტრადიცია, როცა მთლიანი მწყობრი ჩაიმუხლებს და ერთად დებენ ფიცს.
სამხედრო ფიცის დადება არის ინდივიდუალური აქტი, რომელიც სამხედრო მოსამსახურებ უნდა დაადასტუროს ხელმოწერით. კანონის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირებიც სამხედრო ფიცის ნაცვლად წერილობით ადასტურებენ სახელმწიფოსადმი ერთგულებასა და კანონმდებლობის შესრულების ვალდებულებას. მოკლედ ვთვლი (ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება), რომ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო ფიცი ინდივიდუალურად უნდა დადოს, საბრძოლო დროშასთან, მეთაურის წინაშე და იქვე დაადასტუროს ხელმოწერით. კიდევ რა სურვილები შეიძლება გამოითქვას. თავისუფლების მოედნის ორი დღით გადაკეტვა დიდ დისკომფორტს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე მათ, ვისაც მოძრაობა უწვეთ მთაწმინდის მიმართულებით, თუმცა ვიზუალური თვალსაზრისით ლამაზად გამოიყურება, განსაკუთრებით ზემოდან, წმინდა გიორგის მონუმენტის ფონზე. სხვათაშორის, მონუმენტის ირგვლივ ბრიტანეთის დროშა უფრო იყო გამოხატული, ვიდრე საქართველოს, რაც ალბათ ძალიან ესიამოვნა ჩვენს მეგობარ ბრიტანელ სამხედროებს. ასევე, სასურველი იქნებოდა შეიარაღებული ძალების და ომის ვეტერანთა მოწვევა. რამდენიმე ათეული თადარიგის გენერალი გვყავს. მათთვის იქ დასწრება დიდი სიხარული იქნებოდა. ჯარისკაცებიც, ოფიცრებიც უნდა ხედავდნენ, რომ ვეტერანებს, თადარიგის ოფიცრებს, გენერლებს, პატივს ვცემთ. შეიარაღებულ ძალებში სამსახურის პერიოდში არცერთხელ არ ჩაგვიტარებია ავიაციის დღე ისე, რომ არ მოგვეწვიოს ყოფილი სარდლები და ღვაწლმოსილი თანამშრომლები. დამსახურებულ თანამშრომლებზე გამახსენდა, ახლახან გარდაიცვალა პოლკოვნიკი ვლადიმერ ბალაევი, რომელმაც არაერთი ქართველი მფრინავი აღზარდა ქართული ავიაციის შექმნის დღიდან მოყოლებული. აი ასე ჩუმად მიდიან ჩვენი ვეტერანები და ერთადერთი, რაც შეგვიძლია მათ გავუკეთოთ, ესაა პატივის მიგება სიცოცხლეში. ამ საკითხშიც მე ვერ ვუსაყვედურებ ვერც მოქმედ ან წინა ხელისუფლებას, ან თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ბლოკს. დარწმუნებული ვარ, სამხედროებს ეს საკითხი რომ დაეყენებინათ, მხოლოდ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჯარიდან წამოსვლის შემდეგ მხოლოდ ერთმა სარდალმა მიგვიწვია ყოფილი სარდლები და ავიაციის ვეტერანები ავიაციის დღეს. დანარჩენებს კი ეგონათ, რომ მუდამ თვითონ იქნებოდნენ. ამით ჩვენ კი არ დაგვიშავდა რაიმე, ტრადიციებს და აღზრდას ადგება ზიანი. თუ ჩვენ, სამხედრო მოსამსახურეები არ დავიცავთ ამ ტრადიციებს, არ დავაფასებთ ყოფილ თანამებრძოლებს, რატომ გვგონია, რომ სამოქალაქო პირებმა უნდა გააკეთონ ეს ჩვენ ნაცვლად? იგივეა სხვა სახეობებშიც. მაგალითად, გვარდიის დღეს გენერალური შტაბი აღნიშნავს გვარდიის სარდლობაში, ხოლო რამდენიმე ასეული თადარიგის სამხედრო მოსამსახურეები, რიგითები, სერჟანტები, ოფიცრები, გენერლები, ვიკრიბებით გმირთა მოედანზე და გვორგვინით ვამკობთ მემორიალს. მინდა გულის ტკივილით გითხრათ, რომ წელს ერთ-ერთი გენერლისგან ასეთი სიტყვები მოვისმინე: „ფორმით მოვიდოდი რომ მქონდესო“. შეკერვის საშუალება რომ ჰქონდეს, ვიცი შეიკერავდა. რა დავამატო არ ვიცი. აი ეს მცირედი შენიშვნები და სურვილები მინდოდა გამომეთქვა 26 მაისის სამხედრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. იმედია გაითავისებთ, განსაკუთრებით მეორე ნაწილს, რაც ვეტერანთა დაფასებას ეხება, რადგან უკან მოხედვას ვერ მოასწრებთ, ისე აღმოჩნდებით მათ რიგებში და, მერწმუნეთ, ძალიან გაუნაწყენდებით საკუთარ თავს.
P.S. ეს სტატია არ მინდოდა სადღესასწაულო დღეებში გამომექვეყნებინა. სანამ გამოვაქვეყნე, შს სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა და მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი ღონისძიება იყო სანახაობრივი თვალსაზრისით. პატაკიც უწყების ხელმძღვანელს ჩაბარდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო იმის მიუხედავად, რომ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა. ასევე ვიხილეთ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი, რომელიც შსს-ს ტერიტორიაზეა. ვფიქრობ ასეთი მემორიალი საზოგადოებრივ ადგილზეც უნდა იყოს.
ამირან სალუქვაძე ბრიგადის გენერალი 3 ივნისი, 2016 წ.