გიორგი მღებრიშვილი: ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უწყების მიერ განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.
“ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრევენციულ დანაშაულზე რეაგირებისა და საგამოძიებო ფუნქციებს, შევიმუშავეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოს აპრობირებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით დავიწყეთ შესაბამისი სოციალური კამპანია. მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიწყებთ ანალიტიკური ფუნქციის მქონე ვიდეოკამერების დამონტაჟებას და ერთიანი მართვის ცენტრის შექმნას, ვაყალიბებთ ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას, მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საგამოძიებო მექანიზმების დახვეწის მიზნით და ვქმნით დნმ-ბანკს.
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარებით ვაძლიერებთ საზღვრის მართვას, თუმცა კარგად ვიცით, იმისათვის, რომ ეს პროექტები წარმატებით განხორციელდეს, აუცილებელია პოლიციელების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა, ამ მიზნით დავიწყეთ შს სამინისტროს აკადემიის საერთაშორისო რეგიონულ და საპოლიციო განათლების ცენტრად გარდაქმნა, ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის, რომ მომავალი თაობა ბავშვობიდანვე ეზიაროს იმ პრინციპებს, რაც სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბების საფუძველია. ვაპირებთ, ავაშენოთ იმიტირებული სოფელი, სადაც თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა, მათთვის გასაგები მეთოდებით შეიმეცნოს და გაითავისოს ის, რაც განვითარებული, დემოკრატიული და ცივილიზებული სახელმწიფოს ფუნდამენტია. ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.წელს ამ კუთხითაც მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ჩვენი სპორტული კლუბის წევრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა და გამარჯვებულებს მოპოვებული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები