გიორგი კვირიკაშვილი: დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე

დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო, ჩვენი სამართალდამცველები უზრუნველყოფენ წესრიგს ქვეყანაში, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება, კანონდარღვევა არ დარჩება რეაგირების გარეშე და ვერავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მაგრამ უნდა იყოს რწმენა, რომ დანაშაულთან ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ადამიანების უფლებების შელახვის ხარჯზე. ეს არის დემოკრატიული სახლემწიფოს ცხოვრების წესი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის სრულყოფაში დახმარებისთვის სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, შს სამინისტრომ სამუშაოს თავი კარგად გაართვა.
„ამ კონტექსტში არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო საერთაშორისო თანამეგობრობას, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც გვეხმარებიან ქართული პოლიციის სრულყოფაში და აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს სამართალდაცვის სფეროს რეფორმირებაში. მინდა, მადლობა ვუთხრა შს სამინისტროს, რომელმაც წარმატებით გაართვა თავი დიდ სამუშაოს. ეს არის ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოდანაშაულთან, ეს არის საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, რამაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა.
ძვირფასო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის ვიქნები თქვენი ინტერესების დამცველი. ყველას გისურვებთ მშვიდობას, წინსვლასა და წარმატებებს თქვენს ურთულეს საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ ქართველი პოლიციელის საპატიო სახელი და გაგემართლებინოთ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის ნდობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები