გიორგი კვირიკაშვილი: თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება

დარწმუნებული ვარ, ამაყობთ, რომ საქართველოს სამსახურში, ჩვენი სახელმწიფოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ, – ასე მიმართა პოლიციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ მათ პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული საზოგადოების სიმშვიდე და უსაფრთხოება.
„გილოცავთ პროფესიულ დღეს. მინდა დიდი პატივისცემით მოგილოცოთ ეს დღე თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას. ძალიან დიდია ის პასუხისმგებლობა, რომელსაც პოლიციელის ურთულესი პროფესია გაკისრებთ თითოეულ თქვენგანს. დღეს ალბათ ყოველი თქვენგანი კიდევ ერთხელ უფიქრდება საკუთარ პროფესიულ არჩევანს და დარწმუნებული ვარ, ამაყობთ, რომ საქართველოს სამსახურში, ჩვენი სახელმწიფოს სამსახურში, ჩვენი ხალხის სამსახურში დგახართ. თქვენს ხელშია საზოგადოებრივი წესრიგი, თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე და უსაფრთხოება. ჩვენ ვიცით და ვაფასებთ, რომ წესრიგს, სიმშვიდეს, ჩვენს უსაფრთხოებას ხშირად საკუთარი რისკის ფასად იცავთ. დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას ერთგულებისთვის, სიმამაცისთვის, ქვეყნის წინაშე თავდადებისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაიხსენა ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„ამ საზეიმო დღეს მინდა, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ გავიხსენო ის პოლიციელები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ, თავი გასწირეს ქართული სახელმწიფოს წინაშე და ვალმოხდილები წავიდნენ ჩვენგან. პატივს მივაგებთ მათ ნათელ ხსოვნას“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები