გიორგი მღებრიშვილი: კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა

კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტნიორ ქვეყნებთან დანაშაულთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობა გააღრმავა. ამ დროისთვის შესაბამისი ხელშეკრულება ევროკავშირის 15 ქვეყანასთანაა დადებული.
„მე ვიცი, რას ნიშნავს პოლიციელების ერთად დგომა და რა ძალა აქვს ამას, დღეს როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ვიდგეთ ერთად და ჩვენი მისიის კეთილსინდისიერად შესრულებით ჩვენი თავდადებით ხელი შევუწყოთ საქართველოს სტაბილურობასა და განვითარებას.
ჩვენ გამოვუცხადეთ უკომპრომისი ბრძოლა კრიმინალს და ამ ბრძოლაში თითოეული თქვენგანის სულისკვეთებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მე კარგად მესმის, რომ პოლიციელების ერთიანობის ძალას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომ მსოფლიო გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული როლი ენიჭება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას. ამ მიზნით ჩვენ გავაღრმავეთ თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან დანაშაულთა ბრძოლის კუთხით. ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დავდეთ საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის შესახებ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შევქმენით საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრი და გავზარდეთ პოლიციის ატაშეების რაოდენობა, რომლებიც თითქმის მთელ ევროპას ფარავენ“, – განაცხადა შს მინისტრმა.
მღებრიშვილის თქმით, ევროპოლის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ანგარიშის გათვალისწინებით მიმდინარე წელს ევროპის პოლიციის სამსახურთან გაფორმდება მაღალი დონის შეთანხმება ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის ევროპოლის შტაბ-ბინაში.
„კრიმინალი მხოლოდ საერთო ძალისხმევით დაიძლევა. ბუნებრივია, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ მუდმივად ვვითარდებით, რათა მაქსიმალურად მიუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს და ჯეროვნად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები