გიორგი მღებრიშვილი: იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს, იყო გმირი

„იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს, იყო გმირი“,- აღნიშნული სიტყვებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა. მან ასევე დაღუპული პოლიციელი ბექა მარგიშვილი გაიხსენა და მასთან ერთად, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გარდაცვლილ პოლიციელებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.
„მე ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ვიცი, რას ნიშნავს, იყო პოლიციელის ოჯახის წევრი, მე ვიცი, რას ნიშნავს ყოველდღე შენი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძოდე სხვა ადამიანების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად და თავს არ ზოგავდე ამისთვის. მე ვიცი, რას ნიშნავს, გეღუპებოდეს თანამებრძოლი. მე ისიც ვიცი, რა გრძნობაა, როდესაც ბოროტებაზე იმარჯვებ. ვიცი, რა გამოწვევების წინაშეც დგახართ ყოველდღე და არ ეპუებით. ისიც კარგად ვიცი, რამხელა მოტივაცია და სიამაყეა, როცა შენი პროფესია გაძლევს საშუალებას, იზრუნო ადამიანებზე და მათ სიმშვიდეზე. კარგად მესმის, როგორი პასუხისმგებლობაა, გერქვას პოლიციელი. იყო ნამდვილი პოლიციელი, ესაა მოწოდება. მოწოდება, იდგე შენი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი მართლწესრიგის სადარაჯოზე, დღე და ღამ, სადაც არ უნდა იყო, 24 საათი. ამიტომ მიმაჩნია, იყო კარგი პოლიციელი, უკვე ნიშნავს, იყო გმირი.
ჩემო თანამებრძოლებო, ჩემო კოლეგებო, ჩემო პოლიციელებო, გილოცავთ პოლიციელის დღეს. მე კარგად მაქვს გათავისებული, რა მსხვერპლი გაიღეს ოჯახებმა, რომელთა ახლობლებიც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისას დაიღუპნენ. ეს ადამინები ჩვენს გვერდით აღარ არიან, თუმცა მათ ოჯახებს, მათ შვილებს, საქართველოს პოლიცია, ჩვენი სისტემა და მე პირადად, ყოველთვის ზურგს გავუმაგრებთ. ეს ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია. რამდენიმე წუთის წინ აქ შესრულდა საქართველოს ჰიმნი, რომელიც შეასრულა ვაჟთა გუნდმა. ამ ბიჭების ხმებს შორის ერთი განსაკუთრებულად მომწვდა. აქ დგას ჩვენი გარდაცვლილი პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ვაჟი. მე ზუსტად ვიცი, რა სულისკვეთებით იზრდება ის, მე ზუსტად ვიცი, რომ მან იცის, რომ ის გმირის შვილია. დიახ, მეგობრებო, პოლიციელი გმირია. ხოლო ნამდვილი დასავლური ღირებულებების სახელმწიფო არის ის, სადაც პატივს სცემენ პოლიციელს. და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე დაცემულ გმირებს. მოდით, ყველამ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას“,- განაცხადა შს მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები