გიორგი მარგველაშვილი: ჟურნალისტური საქმიანობა ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას

„მედია დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, შემიძლია ვთქვა, რომ თავისუფლების 25-მა წელმა რეალურად გააძლიერა და შექმნა მომუშავე ფენა ჟურნალისტებისა, რომლებიც სხვადასხვა არხზე ქმნიან საზოგადოებრივ აზრს და რეალურად ქართულ საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად დამაფიქრებელია.
პრეზიდენტის აზრით, ჟურნალისტი და ჟურნალისტური საქმიანობა არის შემადგენელი ნაწილი სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების.
„ჟურნალისტური საქმიანობა ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას, აქედან გამომდინარე, რაღაც საკითხებზე გაურკვეველი პოზიციები, კულისებს მიღმა მიმდინარე თემები მიუღებელია ჩემთვის და ქართული საზოგადოებისთვისაც. ამიტომაც ვკითხულობთ, როდესაც ინგა გრიგოლიას უხურავ გადაცემას, ასე წარმატებულ ჟურნალისტს, კითხვა ჩნდება, რატომ? როდესაც ეკა მიშველაძეს უშვებ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, კითხვა ჩნდება, რატომ? შარშან ჩვენ დავინახეთ მობილიზებული პოლიტიკური სპექტრი „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ. როდესაც ასეთი დაგეშვა მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რომელიც არის ყველაზე კრიტიკულიც, მაგრამ ამავე დროს ყველაზე ყურებადიც, კითხვის ნიშნები ჩნდება. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მაღალი თანამდებობის პირს, ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომ გაიაზროს მნიშვნელობა იმისა, რომ მედიასთან ურთიერთობა არის ძალიან საფრთხილო. თავის გადაწყვეტილებეში, თავის კომენტარებში, თავის შეხედულებებში იყვნენ ძალიან ფრთხილნი, რადგან ისინი რაღაც კონკრეტულ მოვლენაზე კი არ საუბრობენ, ისინი საუბრობენ ქვაკუთხედზე დემოკრატიისა, იმ მექანიზმებზე, რომელიც რთავს საზოგადოებას პოლიტიკურ პროცესებში. არც მე, არც არც ერთ პოლიტკოსს არ აქვს ძალა, მათ ძალას საზოგადოება და ხალხი აძლევს. ხალხსა და ჩვენს შორის მედიატორი არის თავისუფალი მედია. შესაბამისად, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ. ბუნებრივია, მე ყოველთვის ამ საკითხებთან დაკავშირებით, ყურადღებით ვიქნები და ჩემს პოზიციას ძალიან ნათლად, მძაფრად დავაფიქსირებ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები