ხვალ თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდება

ხვალ, 2 ივნისს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იტალიის რესპუბლიკის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი წვეულება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მოწვეულ სტუმრებს ორი გამოფენა, იტალიელი მოქანდაკისა და მხატვრის, ბრუნო ბრუნის ექსპოზიცია და იტალიის წამყვანი დიზაინერების (ფერაგამო, ტრუსარდი, კრიცია, მისონი და სხვა) მიერ შექმნილი სამფეროვანი დროშების ექსკლუზიური გამოფენა ელოდება.
ამასთან, პოდიუმზე წარმოდგენილი იქნება მოდაც, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის სხვადასხვა იტალიური ბრენდების კოლექციების სახით.
ჯაზ სექსტეტ The Quintessence-ის მიერ შესრულდება იტალიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნები ორიგინალური ინტერპრეტაციით.
დღესასწაულის ღამეს თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში განათდება.
საღამოს იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურის, განათლების, ბიზნეს სექტორის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები