ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პირველი ანგარიში წარუდგინა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს პირველი ანგარიში წარუდგინა. ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორის კანდიდატად არჩევის შემდეგ, საპროკურორო საბჭო პირველად შეიკრიბა და მთავარი პროკურორის 6 თვის მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ საბჭოს წევრებთან საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე უწყების მიღწევებსა და განვითარების სტრატეგიის შესახებ ისაუბრა.
მთავარმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა პროკურატურის განვითარების 6-წლიან სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.
გარდა ამისა, ირაკლი შოთაძემ უწყების სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვა პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ირაკლი შოთაძემ ასევე საქართველოს პროკურატურის იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სქესობრივი კავშირი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ მიმართულებებით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.
ასევე ანგარიშის წარდგენისას საპროკურორო საბჭოს წევრებმა მთავარი პროკურორისგან მოისმინეს ინფორმაცია მთავარი პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების შესახებ და დაზარალებულთა აღდგენილ უფლებებზე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა და განაჩენების მაჩვენებლებზე, გენერალური ინსპექციის მუშაობის შედეგებზე და დანაშაულის პრევენციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.
მთავარმა პროკურორმა ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ გადადგა გამოძიებისა და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით და პროკურორთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ანგარიშის დასრულების შემდეგ მთავარმა პროკურორმა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დამოუკიდებელი კოლეგიური ორგანო საპროკურორო საბჭო, რომლის წინაშეც არის მთავარი პროკურორი ანგარიშვალდებული, შედგება 15 წევრისგან. საბჭოს შემადგენლობაშია იუსტიციის მინისტრი, პროკურორთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 პროკურორი წევრი, ასევე, საქართველოს პარლამენტის უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლები, მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების/აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საპროკურორო საბჭოს ევალება ექვს თვეში ერთხელ მაინც, ხოლო საპროკურორო საბჭოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით – დაუყოვნებლივ, პროკურატურის ორგანოთა საქმიანობის შესახებ მთავარი პროკურორის/მთავარი პროკურორის მოადგილის იმ ანგარიშის მოსმენა, რომელიც შეეხება დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას, სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს და არ შეიცავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან, სასამართლოში მის განხილვასთან ან/და საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები