რატომ წავიდა ლალი მოროშკინა საქართველოდან – ჟურნალისტი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ლალი მოროშკინა 2 ივნისს მოსკოვში საკუთარი წიგნის “მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის“ პრეზენტაციას გამართავს.
“კვირა“ მოროშკინას მოსკოვში დაუკავშირდა და მისგან დეტალურად მოისმინა თუ რას გეგმავს ჟურნალისტი პრეზენტაციის შემდეგ.
როგორც მოროშკინა აცხადებს, მან ქართულ პოლიტიკაში ჩაბმის თაობაზე სერიოზული შეთავაზება მიიღო, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი დათანხმდება თუ არა წინადადებას. “ძლიერი ქალი, ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელის თქმით, ის მოსკოვში დაგეგმილი პრეზენტაციის შემდეგ ჟენევაში, დებთან მიემგზავრება და გადაწყვეტილებას სწორედ მათთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
“2 ივნისს მოსკოვში ჩატარდება ჩემი წიგნის – “მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის“ პრეზენტაცია. ეს წიგნი საქართველოში გამოიცა 2009 წელს და 15 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. აღნიშნული წიგნი ითარგმნა, როგორც გერმანულ, ისე რუსულ ენებზე. გერმანულ ენაზე ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია 2009 წელსვე გაიმართა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე, თუმცა, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა წიგნის რუსეთში წარდგენა. ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება მოსკოვში ერთ-ერთ ძალიან ლამაზ ქართულ რესტორან “მარანში, რომელიც ადგილობრივი ქართველებისთვის ფაქტობრივად კულტურული ცენტრის დანიშნულების ადგილადაც იქცა, პრეზენტაციას დაესწრება ქართული დიასპორა და ამ დიასპორის უმეტესობას შეადგენენ ის ადამიანები, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმის დროს დატოვეს საქართველო, პრეზენტაციას დაესწრებიან ის ადამიანებიც, რომლებისთვისაც საქართველო არ არის უბრალოდ ტერიტორია და მათთვის ჩვენი ქვეყანა დასაფასებელი და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე მოსკოვში პრეზენტაციის გამართვის შემდეგ გავემგზავრები ჟენევაში, სადაც ჩემი 2 და ცხოვრობს, ერთ-ერთი მათგანი იუნესკოში, ხოლო მეორე მსოფლიო ბანკში მუშაობს. მე საქართველოში მივიღე სერიოზული შემოთავაზება პოლიტიკაში ჩაბმის თაობაზე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ თუ რომელი პოლიტიკური ძალისგან წამოვიდა შემოთავაზება. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი ჩავებმები თუ არა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჟენევაში ჩასვლის შემდეგ კარგად დავფიქრდები, მოვისმენ ჩემი დების რჩევებს და ამის შემდეგ გადავწყვეტ როგორ ვიმოქმედო. თუ უარს ვიტყვი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ჟენევაში დავრჩები საცხოვრებლად. თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში რაც ხდებოდა და ხდება პოლიტიკურად საქართველოში ჩემთვის ძალიან მძიმე ასატანია, მე არ მიბრძოლია იმისთვის, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ისჯებოდნენ იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ სამიდან 2 უბანში იგებდეს არჩევნებს. შესაბამისად, მე გადავხედე რამდენად საჭიროა ზოგადად საქართველოში ბრძოლის გაგრძელება და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებ“, – განუცხადა “კვირას“ ლალი მოროშკინამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები