კახა კახიშვილმა თანამშრომლები დააჯილდოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის თანამშრომელთა დასაჯილდოვებლად სპეციალურად ოთხი ხარისხის სამკერდე ნიშანი შემუშავდა.
დღეს კი, პენიტენციური დეპარტამენტის 16 თანამშრომელი მეორე ხარისხის სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, ხოლო სამინისტროს 13 თანამშრომელს მადლობა გამოეცხადა.
„უწყებას ბევრი ღირსეული თანამშრომელი ჰყავს. დღეს დაჯილდოვებული ადამიანების ცხოვრების თითოეული საათი, მიუხედავად უმძიმესი სამუშაოსა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდაა მიმართული. სწორედ მათი შრომის შედეგად მივაღწიეთ სიმშვიდეს.
პირველ ეტაპზე, ყველაზე მობილური ჯგუფი დავაჯილდოვეთ. ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება, რათა შეუმჩნეველი არ დარჩეს არცერთი თანამშრომლის ღვაწლი. ჩემი აზრით, მსგავსი სახის ჯილდო ფულად წახალისებაზე მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ სიცოცხლის ბოლომდე დარჩებათ“, – განაცხადა კახა კახიშვილმა და აღნიშნა, რომ უნდა დაფასდეს იმ პირთა მუშაობა, რომლებსაც თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით სისტემისა და ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვთ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა უწყების თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ ერთიან, ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა. დაჯილდოებულმა თანამშრომლებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს დაფასებისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ჯილდო ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც თითოეული მათგანი სრულად აცნობიერებს და იზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები