გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.

გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე.

განსაკუთრებით კი, პატივი იმ გმირების ხსოვნას მივაგო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დამოუკიდებლობის და სიძლიერის განსამტკიცებლად კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი 26 მაისს, ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა.

თბილისში საზეიმო ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალით გაიხსნა.

მოეწყო ყვავილების ფესტივალი, ასევე სპორტული, საბავშვო და გასართობი ღონისძიებები, ხოლო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. დროის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს რუსთაველის გამზირზე, ასევე თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებული ტექნიკა გამოიფინა.

დღესვე, ტრადიციულად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ყველა სახელმწიფო უწყების სტენდი განთავსდა, სადაც სამინისტროებმა უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საზეიმო გალა-კონცერტით დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები