ნუგზარ წიკლაურს ფიზიკურად გაუსწორდნენ
“ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც დეპუტატმა განაცხადა, მას სახლთან სამი მანქანით რამდენიმე ნიღბიანი დახვდა, რომელთაც მისი გატაცება სცადეს. წიკლაურის თქმით, თავდამსხმელებმა ელექტროშოკიც გამოიყენეს.
“დაახლოებით ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება, და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა ორჯერ ელექტროშოკი დამადო “, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. პირველადი დახმარება ნუგზარ წიკლაურს ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.