შსს-თან კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შეიკრიბნენ

შს სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები შეიკრიბნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დღევანდელი განცხადების შემდეგ მათ გადაწყვიტეს თავისი ნებით მივიდნენ შსს-ში და ჩვენება მისცენ. სპორტსმენები აცხადებენ, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შს სამინისტო სასამართლოს უახლოეს დღეებში ან საათებში მიმართავს, რათა კორცხელის ინციდენტში იდენტიფიცირებული პირების დასაკავებლად განჩინება გამოსცეს.
„მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, ჩემთვის მიუღებელია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ის ემოციები, რაც საზოგადოებაში და ჟურნალისტებში არსებობს, აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი. არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომელიც დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ასევე დანიშნულია ექსპერტიზები. შს მინისტრი ინციდენტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზო განცხადებებით და გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
„უახლოეს დღეებში თუ არა საათებში მიმართავს შს სამინისტრო სასამართლოს, რათა გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები