სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი მამუკა ჩოქური გიორგი ბაგრატიონმა ჩაანაცვლა
გიორგი ბაგრატიონი სამგორის რაიონის გამგებლად დაინიშნა – ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონს თბილისის საკრებულოს სხდომაზე 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი თავი შეიკავა.
სხდომაზე გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა. ლილუაშვილის თქმით, გიორგი ბაგრატიონი ერთ-ერთი წარმატებული გამგებელი იქნება დღეს არსებულ გამგებლებს შორის.
ამის თქმის საფუძველს მას აძლევს გიორგი ბაგრატიონის კარიერა.
ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი ბაგრატიონი „თბილსერვის ჯგუფს” და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
თბილისის მერის მოადგილეს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ კითხვით მიმართა – თუ იცის ლილუაშვილმა მერიაში მაღალ თანამდებობებზე მერამდენე ცვლილება განხორციელდა.
„ჩვენ 25-მდე დავთვალეთ და შემდეგ სათვალავი აგვერია. ეს კანდიდატურა ძალოვან სტრუქტურებს უკავშირდება. არჩევნების გამო ხომ არ ინიშნება იგი სამგორის რაიონის გამგებლად?“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ გიორგი ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სტრუქტურებშიც მუშაობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ის კარგი მენეჯერი და ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონის გამგებლის თანამდებობა მამუკა ჩოქურს ეკავა.