ლადო პაპავა პარლამენტს ურჩევს, „მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატივა არ მიიღოს
უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ლადო პაპავამ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის“ შესახებ კანონში შესატან კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გამოთქვა და მიმართა უმრავლესობას, რომ ახალი პარლამენტის შეკრებამდე აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ მიიღონ.
განათლებისა და მეცნიერების საპარლამონტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტის წარდგენა მოხდა, რომლის ინიციატორი კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეა.
ლადო პაპავას განმარტებით, პირადად ის მეცნიერებათა აკადემიის ფარგლებში სტიპედიანტის ინსტიტუტის წინააღმდეგი არ არის და ასეთ პრაქტიკას მსოფლიოს ბევრი აკადემია იცნობს, მაგრამ, მისივე თქმით, სტიპენდიის მიმღები მართლა ახალგაზრდა მეცნიერი უნდა იყოს – 35 წლამდე ასაკის პირი, ხოლო წევრ-კორესპონდენტის ინსტიტუტი უნდა შენარჩუნდეს.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა უნდა დაადგინოს არა კანონმა, რასაც ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს, არამედ აკადემიის საერთო კრებამ და აკადემიის წესდებამ.
რაც შეეხება აკადემიის ხელმძღვანელებისათვის – პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისთვის ასაკობრივი ზღვარის შემოღების ინიციატივას, მისი აზრით, აღნიშნული ცენზის დაწესების შემთხვევაში, კრიტერიუმი გახდება არა ის, რომ აკადემიის პრეზიდენტად დამსახურებული კაცი აირჩეს, არამედ ის, რომ აკადემიის პრეზიდეტად არჩეული იყოს მეტ-ნაკლებად დამსახურებული – ოღონდ ახალგაზრდა, რაც, პაპავას თქმით, პრინციპულად არასწორია.
“ძალიან ბევრი ადამიანი მეცნიერებაში დამსახურებას სოლიდურ ასაკში აღწევს. მეცნიერებაში აღიარება გვიან ხდება“, – აღნიშნა პაპავამ, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებებში პიროვნულ ფაქტორებს ხედავს.
საკომიტეტო განხილვაში მეცნიერებათა აკადემიის სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ინიცირებულ პროექტს მხარს არ უჭერენ.