ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე: ამათ რომ დასცლოდათ ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ – სანამ პირში სული მიდგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამცთუ დაბრუნდეს, არამედ იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ
„ამ კომისიის ფორმატში მინდა იმ არაკაცებს ვუთხრა – თქვენ არაკაცებო. ჭირისუფალ ადამიანთან რომ მიხვალ და კიდევ ნებისმიერ საკითხზე ეკამათები. იმის თავი არ გაქვს, პატიება სთხოვო განადგურებულ ოჯახებს. ერთი ადამიანის არამცთუ მკვლელობა, უბედურებად არ ღირს არაფერი. თავფეხიანად სისხლში არიან ეს არაკაცები“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომისიის წევრები „ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმესთან“ დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლულის მამას, მიხეილ ართმელაძეს უსმენენ.
ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პირადად ის, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ბოროტება არასდროს დაბრუნდეს.
„ისმის კითხვა, როდის დამთავრდება „ნაციონალური მოძრაობა“- დასრულებულები კი არა, უარეს დღეში ხართ. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ბოლომდე მივიყვანოთ. რა პოლიტიკის კეთებაზე ვლაპარაკობთ, ოჯახები რომ გააუბედურეთ. სანამ პირში სული მიდგას, ჩემ ორ შვილს ვფიცავ, ესენი სადმე კი არ მოვლენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არასდროს დაბრუნდეს ეს ყველაფერი.
იმ ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, ვინც ამ მკვლელებს ან არ იცნობს, ან როგორც მინიმუმ შეცდომაში არიან შეყვანილები. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი, მაგრამ ეს ქვეყანა არის ყველასი. ჩვენი პასუხისმგებლობაა ის, რომ ჩვენ მომავალს, თქვენი შვილისნაირ ადამიანებს, ჩვენ შვილებს, მათ შვილებს, ისეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ სამართავად, სადაც ასეთი უბედურება არ იქნება. ამათ რომ დასცლოდათ, ჩვენ, ყველას, ავტომატებს შემოგვიწყობდნენ, მერე დონაძისნაირებს მოძებნიდნენ და გადაიღებდნენ, როგორც მოდელირებულ ქვეყანაში აცხოვრებდნენ.
კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ყველას ავტომატებს შემოგვიწყობდნენ და გაგვისტუმრებდნენ, ასე იქნებოდა ამათ რომ დასცლოდათ იმიტომ, რომ პატარა კაცები და არაკაცები არიან. ადამიანები ხომ ხართ, შვილები, მშობლები ხომ გყავთ, გამოდით აბა და თქვით,- ბოდიში, მაპატიეთ, რომ ეგეთი რამ ვქენი. მაგის კაცობაც არ გაქვთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბოროტება არამცთუ დაბრუნდეს, იოტისოდენა ძალაუფლება არ ჰქონდეთ მათ“- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.