საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გახდება ცნობილი
ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს საკანონმდებლო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ, განუცხადა, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება და ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილთან, ერთად შეხვდა.
კახა კოჟორიძის თქმით, შეხვედრა ვენეციის კომისიის მდივანთან და კომისიის კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიმართულების ხელმძღვანელთან გაიმართა.
“ჩვენ დეტალურად გავიარეთ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები. ვთქვით ის, რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში და რაც არ მოგვწონს. გავაკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც არ მოგვწონს, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გამართულად ფუნქციონირებას,” – განაცხადა კოჟორიძემ.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის წევრთა მოსაზრებას ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მრჩეველმა განმარტა, რომ ამ თემაზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, რადგან კომისიის წევრები კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე საკუთარ პოზიციებს არ აფიქსირებენ. ამასთან, კახა კოჟორიძემ აღნიშნა, რომ მათ საუბრისას ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები გამოთქვეს.