„შერატონ მეტეხი პალასი” და „რაკია ჯორჯიას” სხვა აქტივები დაყადაღებულია

„რაკია ჯორჯიას” საკუთრებაში არსებული სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი” და საქართველოში არსებული მისი სხვა აქტივები დაყადაღებულია.
ამის შესახებ ავსტრიული საინვესტიციო კომპანია Vl 2 Partnerst GmbH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილო ლუბემ და მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა დღვანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
მარკ-მილო ლუბეს თქმით, 2011 წელს ”რაკია ჯორჯიამ”, ”შერატონ მეტეხი პალასის” გაყიდვის მიზნით, ინვესტორის მოძიება დაიწყო. იმავე წლის 8 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი და ”შერატონ მეტეხი პალასის” გასაყიდ ფასად განისაზღვრა 62 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი.
როგორც დავით ასათიანმა განაცხადა, შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, მყიდველმა მხარემ, ავსტრიულმა კომპანიამ საბანკო ჩეკების მეშვეობით, 20 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, ”რაკია ჯორჯიას” მხრიდან ქონების გადაცემის ვალდებულებები არ შესრულდა, საგნობრივი კომუნიკაცია შეწყდა, გარიგება პრაქტიკულად ჩაიშალა.
როგორც მარკ-მილო ლუბემ აღნიშნა, მათი მხარე 5 წლის განმავლობაში ცდილობდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მისივე თქმით, ”რაკია ჯორჯია” და მისი არაბი მეპატრონეები უკანონოდ, არაკეთილსინდისიერად, ყოველგვარი ეთიკის დარღვევით იქცეოდნენ. მარკ-მილო ლუბეს განცხადებით, მსგავსი ფაქტები საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზიანებს.
”ასეთი ფაქტის არსებობა მიუღებელია საქართველოსთვის, როდესაც რომელიმე კომპანია მეორეს გამოართმევს 20 მლნ დოლარს და სანაცვლოდ არაფერს უბრუნებს, ეს ძალიან აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და უქმნის პრობლემებს მომავალ ინვესტიციებს. ეს არ არის მისაღები იმ ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფის”, – განაცხადა მარკ-მილო ლუბემ.
”მოლაპარაკებების ყველა რესურსი, სამწუხაროდ, ამოწურულია. ”რაკია ჯორჯიამ” დაზარალებულ მხარეს გარდა სამართლებრივი ქმედებებისა სხვა გზა არ დაუტოვა. შესაბამისად, ”რაკია ჯორჯიას” აღნიშნული უკანონო ქმედებები გახდა იმის საფუძველი, რომ მყიდველმა მხარემ, რომელსაც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ავსტრიული კომპანია Vl 2 Partnerst GmbH, ”რაკია ჯორჯიას” წინააღმდეგ სარჩელით მიმართა საქართველოს სასამართლოს და ითხოვს გადახდილი თანხის, 20 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“, – განაცხადა დავით ასათიანმა.
ადვოკატის ინფორმაციით, საინვესტიციო კომპანია Vl 2 Partnerst GmbH მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად მიმდინარე სამართლებრივ დავას ბოლომდე მიიყვანს და არ დაუშვებს, რომ ”რაკია ჯორჯიას” უკანონოდ დაუფლებული თანხა შერჩეს.
”ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი, ვითხოვთ დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს, ეს არის 20 მილიონი, რაც გადახდილია და ის ზარალი, რაც მიადგა კომპანიას, ეს თანხა პროცესის განმავლობაში გაიზრდება, ჩვენ ვაზუსტებთ მიყენებული ზიანის ოდენობას”, – განაცხადა დავით ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები