თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

26-29 მაისს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ახორციელებს.
ფესტივალი ოფიციალურად 26 მაისს, 13:00 საათზე, გაიხსნება. თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული იქნება ღონისძიებების მრავალფეროვნებითა და მონაწილე საგამომცემლო სახლების, ავტორების, გამავრცელებლების, საელჩოების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციების სიმრავლით.
ფესტივალზე დარეგისტრირებულია 60-მდე მონაწილე. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ლიტერატურული ღონისძიებები, ახალი წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები, საჯარო კითხვა, პროფესიული სემინარები, ლიტერატურული დაჯილდოება, წლის ბლოგერის გამოვლენა.
თბილისის წიგნის მე-18 საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად ეყოლება საპატიო სტუმარი. წელს საპატიო სტუმრის სტატუსით დიმიტრი გლუხოვსკი წარდგება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სტუმრის ვიზიტი და საჯარო დისკუსია.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არ დაარღვევს ტრადიციას და პატარა მკითხველებს სპეციალურ კუთხეს მოუწყობს, რომელიც დატვირთული იქნება სხვადასხვა გასართობი, ინტელექტუალური საბავშვო ღონისძიებით.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წლიდან წლამდე მის მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა უფრო და უფრო მატულობს. ფესტივალი სტაბილურად განაგრძობს განვითარებასა და დამთვალიერებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები