საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტურს დღეს თბილისი მასპინძლობს

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული „ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურის კონცერტებს ამჯერად, დედაქალაქი მასპინძლობს, რომელიც დღეს, 19:00 საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება.
მაყურებლის წინაშე წარდგებიან თბილისის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები. ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.
ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალაკონცერტი ელის. თბილისის შემდეგ, შემდეგი ტური 30-31 მაისს (ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის – ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები) გაიმართება.
ფესტივალის ფინალი – შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი – ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი – მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.
„ეროვნული ფესტივალი მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ჩვენი დიდებული განძის, რასაც ჰქვია ქართული ცეკვა და ქართული სიმღერა, მის წარმოსაჩენად. მსოფლიოში ცნობილია და დღესაც ინტერესითა და დიდი სიყვარულით ადევნებენ თვალ-ყურს, გვისმენენ, გვიყურებენ… საოცარი წარტმატებით გამოვდივართ უცხოეთში, შეგვიყვარეს ჩვენ და ჩვენი ფოლკლორიც“, – აღნიშნავს ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ანსამბლ „რუსთავის“ მთავარი ქორეოგრაფი, ფრიდონ სულაბერიძე.
როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი – “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
“ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტი ჩატარდა ფესტივალის ფარგლებში. მომავალი 2 თვის განმავლობაში – ივნისის ბოლომდე ქართული ფოლკლორის მოყვარულებს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფინალი ელით”, – განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ. ღონისძიება მოიცავს ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებას: ხალხური სიმღერა, ქართული ტრადიციული გალობა, საკრავიერი მუსიკა, ქორეოგრაფია, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები