საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის 47-ე სხდომაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია PABSEC-ის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის 47-ე სხდომაში მონაწილეობს. პარლამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის 47-ე სხდომა საბერძნეთის პარლამენტში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დეპუტატებს მისასალმებელი სიტყვით საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გეორგიოს ვარემნოსმა მიმართა. კომიტეტის სხდომაზე 12 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელი შავი ზღვის რეგიონში მიგრანტებისა და დევნილების პრობლემებს განიხილავს.
„დღეს ჩვენ ველით ევროპელი პარტნიორებისგან მხარდაჭერას, სტუმართმოყვარეობასა და სიმტკიცეს. ჩემმა ქვეყანამ ერთ თაობაში, 1992-93 და 2008 წლებში გადაიტანა მოსახლეობის იძულებით გადაადგილების ორი უმსხვილესი ტალღა საქართველოს რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. დღეს ჩვენი უმთავრესი მიზანია დევნილების ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა და ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაა. ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს და უნდა ჰქონდეს საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება. მიუხედავად ომების, კონფლიქტების, დემოკრატიული და ეკონომიკური კრიზისებისა, ჩვენი ქვეყნები განაგრძობენ წინსვლას. თვალსაჩინოა ჩვენი პროგრესიც. შავი ზღვის რეგიონი ჭეშმარიტ ევროპულ რეგიონად გარდაიქმნება, სადაც თავისუფალი გადაადგილება ყველა ადამიანის უფლებაა. ჩვენ ყველანი ვაშენებთ ერთიან და თავისუფალ ევროპას, ეს ჩემი თაობის ხედვაა. პოსტსაბჭოთა თაობის, რომლისთვისაც თავისუფლება და უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ბუნებრივი. თაობისთვის, რომელიც ამ თავისუფლებისთვის ათეული წლების განმავლობაში ისწრაფვის“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა PABSEC-ის პოლიტიკურ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას.
შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარეობს, მასში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები, დავით ბერძენიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები