“პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იქნება პირველი, სადაც ადრონული მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ”

ფიზიკოსი ნონა ასათიანი აცხადებს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო იქნება პირველი, სადაც ადრონული მკურნალობის მეთოდს გამოიყენებენ. ასათიანი ადრონული მკურნალობის მეთოდსაც განმარტავს – „ადრონული მკურნალობის მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ დასხივება ხდება, ძირითადად, ნახშირბადის ბირთვებით, მიზნობრივად სიმსივნურ უჯრედებზე. სხვა დანარჩენი ქსოვილი არ განიცდის ზემოქმედებას“.
“დასხივების შემდეგ, უჯრედები იშლება აფაქტოზის და ნეკროზის გზით, მაგრამ აქ არის საშიშროება გვერდით მყოფი უჯრედების, რომელსაც დაავადებული უჯრედები გადასცემენ სიგნალებს. ამას ჰქვია უჯრედებსშორისი ეფექტი, რომლის შედეგადაც ამ უჯრედებშიც შეიძლება, მოხდეს ცვლილებები. ამიტომ, ახლანდელი მეცნიერება იმაზეა ფოკუსირებული, რომ მართალია, დასხივების დროს, შეიძლება, სიმსივნე გაქრეს, მაგრამ გვერდით მდგომ უჯრედებში, მოხდეს ცვლილებები. ამის პრევენციაზეა ძირითადად ლაპარაკი”,- განაცხადა ნონა ასათიანმა.
როგორც მან აღნიშნა, მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება იაპონიაში, იტალიასა და გერმანიაში. ასეთი მეთოდით მკურნალობა პოსტსაბჭოთა სივრცეში არ ხდება და ტექნოლოგიური ინსტიტუტი სწორედ იმისთვის შენდება, რომ საქართველოშიც დაინერგოს ადრონული მკურნალობის მეთოდი. მისივე შეფასებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო მეთოდია. “ამაზე უკეთესი მკურნალობის მეთოდი ჯერ არ მოუგონიათ და მეცნიერები ახლა მის სრულყოფაზე მუშაობენ”,-აღნიშნა ასათიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები