ბიძინა ივანიშვილი: ჰკითხეთ “ნაციონალებს”, რა უქნეს მეცნიერებას

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ახალი სამთავრობო გუნდი, ახალი ძალებით, დაუბრუნებს მეცნიერებას იმ ადგილს, რაც მას ჰქონდა.
“შეეკითხეთ “ნაციონალებს”, რა უქნეს მეცნიერებას. რეალურად, გაანადგურეს. იმის შემდეგ კი, რაც ჩვენ მოვედით, ყურადღება დაეთმო მეცნიერებას. ახალი გუნდი ახალი ძალებით ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეცნიერებას დავუბრუნოთ ის ღირსება, რაც ჰქონდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე მეუღლესთან ერთად იმყოფება. პრეზენტაციას ასევე ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორები, ქართველი მეცნიერები, სტუდენტები, საქართველოს მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელია საქართველოს მთავრობა. პროექტს მთლიანად აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”. ინსტიტუტის სტუდენტების სწავლასა და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს ასევე სრულად დააფინანსებს ფონდი “ქართუ”.
ტექნოლოგიური ინსტიტუტის იდეა ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის შექმნას გულისხმობს.
პროექტის მიზანია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევების განხორციელება ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით. შეიქმნება ბაზა თანამედროვე სამეცნიერო- ექსპერიმენტული კვლევებისთვის, რომელიც აუცილებელია ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. ინსტიტუტს გამოყენებითი მნიშვნელობაც ექნება, ერთ-ერთია მეცნიერული კვლევის უახლესი მეთოდი – სიმსივნის ადრონული თერაპია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები