საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ გაიმართა

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყო.
დამთვალიერებლებისთვის სრულიად უფასოდ, მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე ღია იყო და ვიზიტორები თავად გახდნენ იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც მოეწყო კოსტიუმირებული ღონისძიება და კონცერტი ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეთა ორკესტრის მონაწილეობით.
მინისტრი და მინისტრის მოადგილე ხელოვნების სასახლეში, საგანგებოდ ამ დღისთვის მოწყობილ ღონისძიებასაც დაესწრნენ, სადაც სპეციალურად მომზადებული ინსტალაციის საშუალებით, პროექტის „რუსთაველი და შექსპირი ხვდებიან საქართველოში“ ფარგლებში, მუზეუმის სტუმრებმა სასახლის კედლებზე შოთა რუსთაველისა და უილიამ შექსპირის საუკეთესო ციტატები და ფრაზები წაიკითხეს.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ამავე დღეს, მიხეილ გიორგაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსაც ეწვია, სადაც კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის მსახიობების მონაწილეობით მოეწყო „ვეფხისტყაოსნის“ ცოცხალი სურათების დადგმა.
ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურის მუზეუმში და ასევე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი. აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში, მუზეუმის ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და ქსოვის პროცესის ჩვენება მოეწყო, გაიმართა ასევე ქართული და აზერბაიჯანული ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის საღამო; დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ კი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს „ფიროსმანის ზმანება“ უმასპინძლა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მონაწილეობდნენ.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 39 წელია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. 2016 წელს მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმები და კულტურული ლანდშაფტები”, რომელიც შერჩეულია ICOMM-ის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით.
აქციას „ღამე მუზეუმში“ საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში.
მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, პირველად საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმმა დამთვალიერებელს ღამის 01:00 საათამდე უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები