ცესკომ ”ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ განიხილა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საჩივარი არ განიხილა.
ამის მიზეზი კი საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენა გახდა.
საჩივარი ცესკოს 21 მაისს, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა წარუდგინა, სადაც დაყენებული იყო მოთხოვნა წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის 20 მაისის განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე, თუმცა, ის ცესკომ დღევანდელ სხდომაზე არ განიხილა.
თავის მხრივ, წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება გადასატანი ყუთის სიიდან 3%-ზე მეტი ამომრჩევლის ამოღებას შეეხებოდა.
”კანონმდებლობაში დეტალურად არის აღწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა მონაცემები და რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში მსგავსი ტიპის ამომრჩეველმა. როგორც კანონმდებლობა ადგენს, მასში ამომრჩეველთა 3%-ზე მეტი არ შეიძლება იყოს შესული.
შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელოს. სწორედ ასე გააკეთა საოლქო საარჩევნო კომისიამ – მათ იმსჯელეს და ზედმეტი ხალხი – რაოდენობრივად 3%-ზე მეტი, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიიდან ამოიღეს. სწორედ ამ გადაწყვეტილების გაბათილებს ითხოვდა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, – განმარტა ცესკოს სხდომის დასრულების შემდეგ, ცესკოს პრესსპიკერი ანა მიქალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის (კალინინო და ყარაჯალარის თემები), კასპის (მეტეხის თემი), წყალტუბოს (სოფელ წყალტუბოს თემი), ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის (დაბა ნასაკირალის თემი), ხობის (ყულევის თემი) და ზუგდიდის (კორცხელის თემი) მაჟორიტარულ ოლქებში – 45 საარჩევნო უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54 314-ს შეადგენს.
შუალედური არჩევნებისთვის 5 საარჩევნო სუბიექტია რეგისტრირებული. ესენია: №1 – თავისუფალი საქართველო; №5 – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; №33 – ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები; №24 – სახალხო ხელისუფლება; №41 – ქართული ოცნება; არჩევნებში ასევე მონაწილეობს ორი საინიციატივო ჯგუფის ორი კანდიდატი გარდაბანსა და ოზურგეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები