ცესკო: ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 07:00 საათზე გაიხსნა.
ცესკოს ცნობით, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად, წილისყრით ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაცემულია.
კენჭისყრის წინა პროცედურებს პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი დააკვირდა. ”ყველა საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე უკვე მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად. მოცემული დროისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
დღეს, მთელი დღის განმავლბაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51: ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართონ და არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები